ტურისტულად მიმზიდველი შეკვეთილი

ტურისტულად მიმზიდველი შეკვეთილი

კურორტი შეკვეთილი წარმოადგენს პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად ტერიტორიას. 

საყოველთაოდ ცნობილია, ურეკი-შეკვეთილის საკურორტო ფაქტორები: ზღვა, რბილი კლიმატი და რაც მთავარია მაგნიტური რკინის შემცველი ქვიშა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით. სანაპირო განაშენიანებულია ფიჭვის ტყე-პარკით, სწორედ ფიჭვის არომატით გამდიდრებული ზღვის ნიავი და მაგნიტური ქვიშა ქმნის ურეკსა და შეკვეთილს შეუცვლელს მშვიდი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისათვის. გამოკვლევებმა ცხადყო მაგნიტური ქვიშის ეფექტურობა გულსისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და ძვლის ქრონიკულ დავადებათა სამკურნალოდ როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. აქვე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი სამკურნალო ტალახის და მაგნიტური ქვიშის აბაზანების მიღება.

 შეკვეთილში მოქმედებს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena“, აგრეთვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Paragraph Resort and SPA Shekvetili. აქვე ფუნქციონირებს გასართობი პარკი ,,ციცინათელა“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეკრიაციულ პარკში გაშენებულია ,,საქართველო მინიატურებში“ – საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები, აქვე 2020 წელს იგეგმება რეგიონში უნიკალური დენდროლოგური პარკის გახსნა.